logo
ENG



"ჩატარდება ყველა ივენთი, რაც დაანონსებულია" - საკლუბო სექტორი შეზღუდვებს აპროტესტებს

22 დეკ 202120:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/22/4sclehms179fgee.jpg

საკლუბო სექტორის წარმომადგენლები კლუბებზე დაწესებული შეზღუდვებს აპროტესტებენ და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციას მართავენ.

ისინი ხელისუფლების მხრიდან ინდუსტრიის მიმართ მიზანმიმართულ ბრძოლაზე საუბრობენ. კლუბი მზესუმზირას წარმომადგენლის, ვახტანგ ქავთარაძის თქმით, ამ დროისთვის დაგეგმილი ყველა ივენთი ჩატარდება და ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლის შემთხვევაში, საკლუბო ინდუსტრია პროტესტის მწვავე ფორმას მიმართავს. 

„ჩატარდება აბსოლუტურად ყველა ივენთი, რაც ამ ეტაპისთვის არის დაანონსებული. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ან რომელიმე სივრცე იქნება დალუქული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული, იქნება ეს ერთი თუ ყველა სივრცე, მთელი საკლუბო სცენა იქნება ერთიანი და მივმართავთ მწვავე პროტესტის ფორმას“, - განაცხადა ვახტანგ ქავთარაძემ.  

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელის, დავით ლეჟავას თქმით, 22 თვიანი წყვეტის შემდეგ გახსნილი სივრცეების ხელახალი დალუქვით საკლუბო ინდუსტრია გაკოტრებისა და განადგურების პირას მივიდა.

დავით ლეჟავამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბების გახსნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ სექტორს წვლილი არ მიუძღვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელებაში და ამჯერადაც თანახმა იყვნენ მკაცრი რეგულაციების დაცვით გახსნაზე.

„ეს დაპირება რომ ჩვენ გავიხსნებოდით ყველაზე მკაცრი რეგულაციების დაცვით ინდუსტრიაში დიდი ხანია არის, უბრალოდ დღეს გადაწყდა, რომ ჩვენ არ გავიხსნებით.

ამ დროს, როცა პარალელურ რეჟიმში გახსნილია სხვა ინდუსტრიები, ისედაც გაკოტრებული საკლუბო სივრცეების დალუქვამ და დაკეტვამ საერთოდ განადგურების პირას მიიყვანა როგორც საკლუბო სექტორი, ასევე შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიები“, - აცხადებს დავით ლეჟავა.

კლუბი მზესუმზირას წარმომადგენელი, ვახტანგ ქავთარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში 17-18 დეკემბერი კლუბების გახსნის საბოლოო თარიღად დასახელდა. სწორედ ამ პერიოდისთვის ემზადებდნენ კლუბები და დიდი ფინანსური ხარჯიც გაწიეს.

„ჩვენი მთავარი სათქმელი არის რომ გადაგვაგდეს, 17-18 დეკემბრის ვიქენდი იყო ბოლო დანაპირები მათი მხრიდან. მათგანაც თანხმობა მივიღეთ, რომ მზადება შეგვეძლო დაგვეწყო და კონკრეტულად, დაზუსტებისთვის ვკითხეთ, რომ ვიღაცებს ამისთვის ვალის აღება სჭირდებოდათ, რომ 17-18-ის ვიქენდი დაგეგმილიყო. ამის შესახებ რომ ვკითხეთ ამ შეხვედრაზე მათ გვითხრეს რომ კი, აიღეთ და დაიწყეთ ივენთისთვის მომზადება“, - განაცხადა ვახტანგ ქავთარაძემ

მისი თქმით, კლუბების გახსნის შემდეგ შრომის ინსპექციასთან კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდათ, რომლის დროსაც ინსპექციამ მათ გეგმების გაუქმება მოსთხოვა. კლუბებმა კი საპასუხოდ ღონისძიებები 1 კვირით გადაავადეს და ხელისუფლებას გახსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად ბოლო ვადა მისცეს. დღეს კი, მათი თქმით, ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა და სექტორი კვლავ მოატყუა.

„გახსნის შემდეგ შრომის ინსპექციაში გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც მათი მხრიდან ხაზი იქნა გასმული, რომ ჩვენ ან უნდა გავჩერებულიყავით და ის ვიქენდის ღონისძიება არ უნდა ჩაგვეტარებინა ან ყველა პირზე, ვისაც წინა ღამეს ოქმი გამოუწერეს იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ჩვენ იმ დღეს გადავწყვიტეთ, რომ იმისთვის, რომ შრომის ინსპექციისთვის მართლა ბოლო ვადა მიგვეცა ერთი კვირით გადავდეთ დაანონსებული ივენთები, იმ პირობით, რომ ისინი ამ საკითხს დააყენებდნენ და დადებითად გადაწყვეტდნენ.

დღეს აბსოლუტურად აგდებული დამოკიდებულება ვიხილეთ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, რაც არის უბრალოდ ტყუილი და გადაგდება“ - აცხადებს ქავთარაძე. 

კულტურისა და შემოქმედებითი სფეროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებას აღარ ენდობიან და პროტესტს აქციის ფორმით გამოხატავენ.

***

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო.

საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ დღეს განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 

პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარეობდა კონსულტაციები კლუბების ასოციაციასთან და ყველა პარამეტრებით, 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო რეგულაციები, რომლის შედეგად უნდა მოხერხებულიყო კლუბის ისე ამუშავება, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დაცულად. პეტრიაშვილის თქმით, სრულად გაუგებარია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება.


close დახურვა